ქვეწარმავლების ოჯახი ფარულკისრიან კუთა რიგისა. მათი სხეულის
სიგრძე 10 სმ - 1 მ აღწევს. ჩვეულებრივ, მაღალი და ამობურცული
ბაკანი აქვთ. ზურგის ფარი უძრავადაა შეერთებული მუცლის ფართან. ორივე დაფარულია მსხვილი და
სქელი რქოვანი ფირფიტებით. თითები შეზრდილია. თავი მთლიანად იმალება ბაკანში. ოჯახის
6 (ზოგის აზრით 10) გვარი აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებული არიან აფრიკაში,
აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ამერიკაში. საკმაოდ ზანტი ცხოველები არიან. ზოგჯერ
100 და უფრო მეტ წელს ცხოვრობენ. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo
graeca). ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში. იკვებება მცენარეულობით. მრავლდება
კვერცხით. ამჟამად მისი რაოდენობა ბევრ ადგილას შემცირებულია. შეტანილია საქართველოს
„წითელ წიგნში“.
გალაპაგოსის კუ ანუ გალაპაგოსის გიგანტური კუ (Chelonoidis nigra) — კუების უმსხვილესი სახეობაა, რომლის წონაც 400 კგ-მდე, სიგრძე
კი 1,8 მეტრამდე აღწევს. ამ სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს აღემატება და
ერთ-ერთ ყველაზე დღეგრძელ ხერხემლიანს წარმოადგენს. ერთ-ერთმა დატყვევებულმა ინდივიდმა
170 წელი იცოცხლა. კუები გალაპაგოსის შვიდ კუნძულზე ბინადრობენ. ეს ვულკანური კუნძულები წყნარ ოკეანეში,
კონტინენტური ეკვადორის სანაპიროდან 1 000 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. კუნძულები
XVI საუკუნეში ესპანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს და სახელი სწორედ ესპანური სიტყვა
კუს (galápago) მიხედვით უწოდეს. ბაკნის ზომა და მოყვანილობა სახეობებს შორის იცვლება. კუნძულების
ტენიან მთიანეთში კუები უფრო დიდები არიან - გუმბათისებრი ბაკნითა და მოკლე
კისრით, მშრალ დაბლობებში კი შედარებით პატარები - უნაგირის მსგავსი ბაკნითა და გრძელი
კისრით. 1835 წელს, ამ განსხვავებებს თავის მეორე მოგზაურობისას იკვლევდა ჩარლზ დარვინი,
რაც მას ასევე დაეხმარა თავისი ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში. XVI საუკუნეში კუების რაოდენობა
250 000-ზე მეტი იყო, თუმცა ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და 1970-იანი წლებისთვის
დაახლოებით 3 000 შეადგინა. ასეთი შედეგის მიზეზი იყო კუების საკვებად გამოყენება,
მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, კუნძულებზე
უცხო სახეობების ცხოველების შემოყვანა, მათ შორის ვირთხის, თხისა და ღორის. თავდაპირველი
15 ქვეახეობიდან შემორჩენილია ათი. ტყვეობაში ჰყავდათ შემორჩენილი მეთერთმეტე ქვესახეობის
ერთადერთი, უკანასკნელი წარმომადგენელი, ზედმეტსახელად „ეული ჯორჯი“, რომელიც 2012
წლის 24 ივნისს მოკვდა. კონსერვაციის მცდელობები XX საუკუნეში დაიწყო, რაც ათასობით
პატარა კუს ხელოვნურად გამოყვანა-გამოკვებასა და შემდეგ კუნძულზე გაშვებას მოიცავს. შედეგმაც არ დააყოვნა და XXI საუკუნის
დასაწყისში კუს ამ სახეობის ინდივიდების რაოდენობამ 19 000-ს მიაღწია. მიუხედავად ასეთი
შედეგისა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) კუს ამ სახეობას „მოწყვლადის“ კლასიფიკაცია მისცა.
ელენე მიქავა